როგორ მივიღოთ მონაწილეობა ტენდერში?

ელექტრონული შესყიდვები სამთავრობო ტენდერების ელექტრონულ ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ელექტრონულ ვაჭრობას. ელექტრონულ შესყიდვებში ისეთი აქტივობები შედის, როგორიცაა ინტერნეტის მეშვეობით საქონლისა და მომსახურების რეკლამირება, მიმწოდებლების რეგისტრირება, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა და მიღება, ასევე, ტენდერზე პასუხების ავტომატური შეფასება.

ტენდერებში მონაწილეობა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. 2010 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ელექტრონულად ივაჭროს მიმწოდებლებთან, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც მთავრობასთან ვაჭრობა სურთ, ელექტრონული შესყიდვის შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ. ეს წესები არ ვრცელდება ე. წ. საიდუმლო შესყიდვებზე, როგორიცაა სამხედრო აღჭურვილობის და სხვა ისეთი საქონლისა, თუ მომსახურების შესყიდვა, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

ელექტრონული სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი ყველა დაინტერესებული პირისთვის  ბიუროკრატიის შემცირება, სატენდერო ინფორმაციის მარტივად და იაფად ხელმისაწვდომობა, ტენდერში მონაწილეობის ხარჯისა და დროის დაზოგვა და რეგიონული განსხვავებების შემცირებაა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს http://procurement.gov.ge/ და გადადით ელექტრონულ სისტემაში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შექმნათ მომხმარებელი. თუ უკვე გაქვთ ის, გაიაროთ ავტორიზაცია და თუ პირველად ხართ შესული, გამოიყენოთ სტუმრის სტატუსი და ისე დაათვალიეროთ განთავსებული ტენდერები.

მნიშვნელოვანია, იპოვოთ თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესაბამისი კატეგორია და ხშირად აკონტროლოთ ახალი განცხადებები. პორტალზე ყველა განცხადება დაყოფილია შესყიდვის კატეგორიებად, რაც ამარტივებს თქვენთვის სასურველი სფეროს განცხადებების კონტროლს.

სასურველ ტენდერებში მონაწილეობისთვის, კატეგორიების გამოსაწერად და სხვა ფუნქციების განსახორციელებლად, საჭიროა სისტემაში ავტორიზაცია, ამისთვის კი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის თქვენ გიწევთ კომპანიის და მისი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციის შეყვანა, საკონტაქტი ინფორმაციის მითითება. რეგისტრაცის შედეგად თქვენ იღებთ მომხმარებლის ინფორმაციას და პაროლს, რომლითაც სისტემაში ავტორიზაციას გაივლით.

სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ტენდერები. გახსოვდეთ, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. საჭიროა, სასურველი კატეგორიის ფარგლებში, მუდმივად გაეცნოთ ხოლმე მიმდინარე ტენდერებს და შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები.

ნებისმიერი ტენდერი მოიცავს ინფორმაციას ვალდებულებებისა და მოვალეობების შესახებ. წინასწარაა ატვირთული ტექნიკური დოკუმენტი, ასევე, ხელშეკრულების შაბლონი და ზუსტი დრო, როდის იწყება წინადადების მიღება და როდის იწყება ვაჭრობა.

თუ გადაწყვეტთ ტენდერში მონაწილეობას, აირჩიეთ გვერდი “შეთავაზებები” და დაეთანხმეთ წინამდებარე წესებს. ასევე, წინასწარ მოამზადეთ ბიზნეს ბარათი მონაწილეობის და გარანტიის საფასურის გადასახდელად.

შეთავაზებისთვის საჭირო მოთხოვნების და დოკუმენტების ჩამონათვალს იხილავთ  “დოკუმენტაცია”-ის გვერდზე, რომლის უკლებლივ ყველას წარდგენაც სავალდებულოა შეთავაზების გაკეთებისას. თქვენ შეგიძლიათ, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ატვირთოთ შეთავაზების გვერდზე და დაელოდოთ ვაჭრობის დაწყების დროს, როდესაც თქვენ წარადგენთ ფასს.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად და უშეცდომოდ გაქვთ ატვირთული და მზად ხართ წარადგინოთ საკონკურსო წინადადების ფასი, შესაბამის ველში მარტივად შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკონკურსო წინადადების ფასი.

ტენდერის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ იწყება ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობა არ არის სავალდებულო. დამატებითი რაუნდების დროს თითოეულ პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ ძირითად დროში წარმოდგენილი ფასი, ან უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. დამატებითი რაუნდებისთვის სისტემაში განკუთვნილია შესაბამისი სამუშო ველები.

პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ ფასის შემცირების რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში წარდგენილი ფასის მიხედვით. კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, ხოლო მე-2 რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც ამ რაუნდის დაწყებამდე ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, ხოლო მე-3 რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც ამ რაუნდის დაწყებამდე ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა.

სამივე რაუნდის ამოწურვის შემდეგ, სისტემა დაალაგებს ყველა შედეგს კლებადობის პრინციპის მიხედვით (თანაბარი ფასების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც აღნიშნული თანხა პირველმა დააფიქსირა).

რაუნდების დასრულების შემდეგ, როდესაც შემსყიდველი გამოავლენს გამარჯვებულს, მიმწოდებელმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და უშუალოდ ვალდებულებების მიხედვით მომსახურების გაწევა.


გიორგი ყანჩაველი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება