რა არის ციფრული მარკეტინგი?

ჰმ…

ეს ახალი, არაფრისმთქმელი, ტრენდული სიტყვაა, რომელიც უნდა ვიცოდეთ ხალხში თავის გამოსაჩენად? არის მასში რაიმე მნიშვნელოვანი?

მოდი, მივყვეთ მის განმარტებას და თავად გადაწყვიტეთ:

პირველად ტერმინი „ციფრული მარკეტინგი“ 1990 წელს გამოიყენეს და 2000-იანი წლებიდან ის საკმაოდ ათვისებული გახდა, თუმცა, მისი ისტორია ბევრად ადრე დაიწყო.

ფოტოზე თქვენ ხედავთ პირველ ციფრულ მარკეტერს – მას, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ციფრული მარკეტინგის საშუალებები. ესაა გულელმო მარკონი (Guglielmo Marconi), რომელმაც 1896 წელს პირველმა გადასცა საჯაროდ უკაბელო სიგნალი. სწორედ მან გამოიგონა რადიოს საწყისები.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1910 წლის 13 იანვარს, საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა ნიუ-იორკში – მეტროპოლიტენის ოპერიდან რადიო მაუწყებლობა განხორციელდა.

წარმოიდგინეთ, მე-20 საუკუნის დასაწყისია და ხალხი ქუჩაში სეირნობის დროს უსმენს ოპერას.

და რა მოჰყვა ამ ფაქტს? – ხალხმა იყიდა ოპერის ბილეთები! სწორედ ამ დროს დაიბადა ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი საშუალება – რადიო.

ციფრული მარკეტინგი არის პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ძირითადად ინტერნეტით, თუმცა ხშირ შემთხვევაში მასში არ მოიაზრება მხოლოდ სმარტფონები, სოციალური ქსელები და ბლოგები. ის, ასევე, იყენებს სხვა ელექტრონულ მედია საშუალებებსაც.

ციფრული მარკეტინგი ტრადიციული მარკეტინგისგან ყველაზე მეტად განსხვავდება იმით, რომ ის საშუალებას იძლევა, რეალურ დროში მოახდინოთ მონაცემების, ნახვების, მნახველების ჩართულობის და სხვა აქტივობებისა და მახასიათებლების ანალიზი.

როგორც უკვე ითქვა, ციფრული მარკეტინგის განვითარება 1990-იანებიდან მომდინარეობს. 2000-იანებიდან მან უკვე შეცვალა ბრენდებისა და ბიზნესების დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ. ის აღიარეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული საშუალება და დღესდღეობით არცერთი მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა აღარ არსებობს ციფრული პლატფორმების გამოყენების გარეშე.

ციფრული მარკეტინგისადმი მსგავსი დამოკიდებულება გამოიწვია ხალხის ციფრულ მოწყობილობებზე დამოკიდებულებამ. ციფრულ სამყაროს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს, როგორც საშუალებას კონკრეტული პროდუქტის, ან მომსახურების სანახავად/საყიდლად, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიას. ციფრული მარკეტინგული კამპანიები, ყოველდღიურად, უფრო სწორი და ეფექტური საშუალება ხდება მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ.

დაფიქრდით, მგზავრობის დროს თქვენი ყურადღება, მზერა საით არის მიმართული უფრო ხშირად? დიახ, ინტერნეტთან მუდმივი წვდომა აქვს კაცობრიობის, დაახლოებით, ნახევარს და შესაბამისად, უფრო აქტუალური ხდება ის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები.

მგზავრობის დროს ბილბორდები, ალბათ, ერთ-ერთი ყურადღებამისაქცევი სარეკლამო საშუალება იყო ადრე, თუმცა არის ეს კვლავ ასე? ალბათ, არა. ყოველ შემთხვევაში, ის ძალას კარგავს.

სწორედ მომხმარებლების ყოველდღიური ქცევა, ჩვევების ცვლილება და მიმართება ციფრული სამყაროსადმი ცვლის ბიზნესის დამოკიდებულებასაც ციფრული ტექნოლოგიებისადმი.

ციფრულ მარკეტინგს აქვს ონლაინ და ოფლაინ ფორმა. ონლაინ მარკეტინგი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს ინტერნეტ კავშირს, ხოლო ოფლაინ მარკეტინგის დროს, ძირითადად, გამოიყენება მოწყობილობები, რომელიც არაა ჩართული ინტერნეტში.

ონლაინ მარკეტინგის მაგალითები:

• საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია / Search Engine Optimization (SEO) – ვებ-გვერდების ტექნიკური განვითარება საძიებო სისტემებთან კავშირის ოპტიმიზაციის მიზნით. მთავარი მიზანი არის საკვანძო სიტყვებით მომხმარებელი ადვილად პოულობდეს ბიზნესის შესახებ ინფორმაციას;

• საძიებო სისტემების მარკეტინგი / Search Engine Marketing (SEM) – პოპულარული საძიებო სისტემა Google.com იძლევა საშუალებას, რეკლამები განათავსოთ ძიების შედეგებში. მაგალითად, თუ ვინმე ეძებს “ბინებს ბაკურიანში”, შედეგების თავში რეკლამის სახით მოხვდება თქვენი შეთავაზება;

• კონტენტ მარკეტინგი / Content Marketing – ბიზნესის შესახებ ბევრი საინტერესო შინაარსის მასალის გაზიარება ციფრულ სამყაროში. ძირითადად, გამოიყენება ბლოგები, ონლაინ ჟურნალები, ვიდეოები, ფოტო მასალა;

• სოციალური მედია მარკეტინგი / Social Media Marketing (SMM) – მარკეტინგი სოციალური ქსელების გამოყენებით;

• დაკავშირებული სისტემებით მარკეტინგი / Affiliate Marketing – სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების დაკავშირებით ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

• Email Marketing – ელექტრონული ფოსტის გამოყენებით ინფორმაციის და შეთავაზებების გავრცელება;

ოფლაინ მარკეტინგის მაგალითები

• მოწყობილობები რეკლამირებისთვის – წარმოიდგინეთ, ხართ კაფეში და გსურთ, შეუკვეთოთ კერძი. მენიუ კი მოგაწოდეს ციფრული მოწყობილობის სახით, მაგალითად, პლანშეტით. თქვენ არჩევთ კერძებს, ათვალიერებთ მის დეტალებს და ამ პროცესში სხვადასხვა პოზიციაზე თქვენ გხვდებათ რეკლამები;

• რადიო – მგზავრობთ ტრანსპორტით, მძღოლს ჩართული აქვს რადიო და ყოველი მეორე სიტყვა, რაც გხვდებათ, რა არის? დიახ, რეკლამა;

• ტელევიზია – თქვენთვის საყვარელი გადაცემის ან ფილმის ყურების დროს რამდენიმეწუთიანი სარეკლამო ჭრები არ დაგავიწყდებოდათ;

• SMS შეტყობინებები – მობილურზე რომელი კომპანიის სარეკლამო შეტყობინება მიიღეთ ბოლოს?

• ბილბორდები – დააკვირდით დიდ ქალაქებში, ხალხმრავალ ადგილებზე, ტრადიციული ბილბორდები როგორ ჩაანაცვლა ელექტრონულმა ბილბორდებმა.


გიორგი ყანჩაველი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება