სოციალური მედია გაყიდვებში

მომძებნე ფეისბუქზე, გამოიწერე ჩემი არხი, თვალი ადევნე ჩემს ბლოგს 15 წლის წინ ეს სიტყვები არაფერს არ გვეტყოდა, დღეს კი ჩვენი ყოველდღიურობის  შემადგენელი ნაწილია. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება სოციალურ ქსელებზე განსხვავებული მიზნებით:

• იმისთვის, რომ ჰქონდეთ მარტივი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან;

• გაიგონ სიახლეები ბრენდებზე, ბიზნესებზე, ან თუნდაც მათთვის საინტერესო ადამიანზე;

• ხელი შეუწყონ გაყიდვებს და უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ბრენდი.

სოციალური მედია თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ან მარკეტერისთვის, არის ბრენდის მაცოცხლებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. იმისთვის, რომ გაუძლოთ კონკურენტულ გარემოს და გქონდეთ მომხარებელთან უშუალო კომუნიკაცია, გჭირდებათ რომ აქტიურ მდგომარეობაში გქონდეთ თქვენი სოციალური მედია არხები. სწორედ ეს არის სოციალური მედია მარკეტინგი.
სტანდარტული განმარტებით სოციალური მედია მარკეტინგი არის ინტერნეტ მარკეტინგის ფორმა, რომელიც სოციალური ქსელის საიტებს იყენებს მარკეტინგის იარაღად იმისთვის, რომ მომხმარებლის ჩართულობა და პროდუქტით დაინტერესება გამოიწვიოს.
არაფორმალური განმარტებით კი სოციალური მედია მარკეტინგი არის ფლირტი საკუთარ მომხმარებელთან.

სოც. მედია გვთავაზობს არაერთ პლატფორმას და არხს იმისთვის, რომ გავყიდოთ ჩვენი მომსახურება და სერვისი. ამ  ბლოგში ვისაუბრებ 5 ძირითად ფაქტორზე, რისი გათვალისწინებაც დაგვეხმარება ჩვენი ამოცანის შესრულებაში.

აირჩიეთ ყველაზე რელევანტური სოციალური ქსელები.

პირველ ეტაპზე თქვენი მიზანი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა:
1) რომელი არხები მუშაობს ყველაზე აქტიურად თქვენს პოტენციურ სარეალიზაციო ქვეყანაში. საქართველოში ამ მიმართულებით უპირობო ლიდერია facebook.com, instagram.com და youtube.com, თუმცა, ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა linkedin-ის პრაქტიკულობა ამ მიმართულებით.
2) კონკრეტული საიტის არჩევისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა ტიპის პროდუქტის, ან მომსახურების გაყიდვას აპირებთ და მაქსიმალურად მოარგოთ საიტის შიდა პოლიტიკას თქვენი კონტენტი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სურათის ზომები, სურათზე ტექსტის პროცენტული შემადგენლობა და ტექსტი.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ თქვენთვის სასურველ სოციალურ ქსელებს, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ ქსელის ხელსაწყოები, დამატებითი შესაძლებლობები და პროდუქტები.

ფეისბუქის შემთხვევაში, შექმენით Shop სივრცე, სადაც მოწესრიგებულად ატვირთავთ თქვენს პროდუქტს, ფოტოებთან და ფასებთან ერთად. ასევე, დაალაგებთ ამ ყველაფერს კატეგორიებისა და მოდელების მიხედვით. მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია გაასაჯაროვეთ თქვენი კომპანიის ღირსებების შესახებ, დაწერეთ თქვენი მთავარი მიღწევების შესახებ,  დაწერეთ მიზნები და მისია, დაარსების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია.

იყავით ყურადღებიანი თქვენს მომხმარებელთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

არ დატოვოთ ყურადღების გარეშე არც ერთი შეტყობინება, რომელსაც თქვენი მომხმარებელი გწერთ. დააყენეთ ავტომატური პასუხი შეტყობინებებზე, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო საათებში 1 საათზე დიდი დრო გჭირდებათ მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

მოიფიქრეთ, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა გქონდეთ მომხმარებელთან და დაიჭირეთ ერთი ნიშა.

ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენი მომხმარებელი, ვის და როგორ ესაუბრება ბრენდი. ხართ მეგობრულები მომხმარებლის მიმართ, თუ საუბრობთ აკადემიურად და ოფიციალურად? კონტენტის და პოსტების შინაარსი, ვიზუალი და პირადი მიმოწერა ერთი საკომუნიკაციო სტრატეგიით გქონდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით კონკრეტულ ადამიანს და მაქსიმალურად ჩაშალეთ მისი მახასიათებლები, ინტერესები, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, შემდეგ კი დაიწყეთ საუბრის პროცესი. აგრძნობინეთ მომხმარებელს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.

დაუთმეთ დრო კვლევას და დაგეგმეთ სწორი რეკლამა.

ყურადღება მიაქციეთ რეკლამირებას, მის ტიპებს და გააანალიზეთ მიღებული შედეგები. დაკვირვების შედეგად გაითვალისწინეთ კონკრეტული ფაქტორები, რაც თქვენს აუდიტორიაზე დადებითად მოქმედებს და მეტად იმუშავეთ ამ მიმართულებით. როგორი ტიპის პოსტები გჭირდებათ? ინფორმაციული, შემეცნებითი, თუ ჩართულობითი ?


გოგა საათაშვილი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება