საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისას ერთ-ერთი ფორმა არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დამატებით ანიჭებს სტატუსებს, რომელიც გარკვეულ საშეღავათო პირობებს და ვალდებულებებს შეიცავსვიდრე თვით ინდივიდუალური მეწარმე.
მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
▶ფიქსირებული გადასახადის მქონე სტატუსი
▶მიკრო ბიზნესი
▶მცირე ბიზნესი
ფიქსირებული გადასახადის მქონე სტატუსი
ფიქსირებული გადასახადი (თონე, სილამაზის სალონი, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი)
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას, კერძოდ, აქვს თონე, სილამაზის სალონი, ან ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქმიანობის ის სახე, რომელზეც გავრცელდება ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი. პირს უფლება აქვს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართოს საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს.
გაითვალისწინეთ, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღების შემთხვევაში:
პირი საქმიანობის ამ ნაწილში გათავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდება შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის – ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;
თუ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს, პირს არ დაეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება; თუ პირი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზამთარში, ზაფხულში ან სხვა სეზონზე) შეაჩერებს საქმიანობას, უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს. საქმიანობის შეჩერების პერიოდში არ დაგეკისრებათ ფიქსირებული გადასახადის გადახდის ვალდებულება.
რა შეზღუდვები არსებობს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის?
თუ პირი არის დღგ-ის გადამხდელი, ვერ მიიღებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსს;
სხვა პირი ვერ ჩაითვლის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯს, შესაბამისად, ვერ გამოიყენებს მის მიერ გამოწერილ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მიკრო მეწარმე
რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო მიკრო ბიზნესის სტატუსისთვის?
მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.
რა გადასახადებით დაიბეგრებით?
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
რა შემთხვევაში უქმდება სტატუსი?
ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 30 000 ლარს, გარდა საქართველოს მთავრობის N415 დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
პირებს ეკრძალებათ ნებართვას, ან ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და სავალუტო ოპერაციების განხორციელება, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი და ვაჭრობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
მცირე ბიზნესის სტატუსი
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთა შემოსავლების დაბეგვრის ახალი წესი. კერძოდ: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. ხოლო თუ მისი შემოსავალი გადააჭარბებს 500 000 ლარს, იგი დაიბეგრება 3%-ით გადაჭარბების დაფიქსირების თვის დასაწყისიდან მიმდინარე წლის დასრულებამდე. ამასთან, მომდევნო კალენდარული წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი კვლავ იბეგრება 1%-ით, თუ იგი არ გადააჭარბებს 500 000 ლარიან ზღვარს.
500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.
მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაიბეგრება პირის დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე.
მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.
თუ პირს 2018 წლის 1 ივლისამდე უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ მოითხოვა მისი გაუქმება, იგი ამავე სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
აწარმოოს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალი;
საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები;
საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავლებზე საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს და საშემოსავლო გადასახადს იხდის, არაუგვიანეს, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდზე საგადასახადო დეკლარაცია წარედგინება, არაუგვიანეს, 2019 წლის 1 აპრილისა, 1 ივლისამდე მოქმედი წესითა და განაკვეთით. ხოლო 1 ივლისიდან პირი განახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშგებას, ახალი რეგუალციების შესაბამისად.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.
სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას, ან ხელფასის გაცემისას, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეკრძალება:
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას;
სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
სათამაშო ბიზნესი;
პერსონალით უზრუნველყოფა;
აქციზური საქონლის წარმოება.
მცირე ბიზნესის სტატუსის მიუხედავად, მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება და სპეციალური რეჟიმით არ დაიბეგრება შემდეგი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები:
ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა;
სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
ჩუქება;
უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი;
დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;
პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
პირის ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;
პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;
შენიშვნა: სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
პირი ახორციელებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობას;
პირი კალენდარული წლის განმავლობაში, არანაკლებ, 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის;
შენიშვნა: სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
ზურაბ პერტაია
მე ვარ ზურაბ პერტაია, მაქვს 7 წლიანი მენტორინგის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტარტაპები და ტექნოლოგიები.