რა არის www.MY.gov.ge და რას სთავაზობს ის მომხმარებელს?
www.MY.gov.ge – ჩემი ელექტრონული მთავრობა, არის ვებ-რესურსი, რომელზეც განთავსებულია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისები. პორტალის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისი ხელმისაწვდომია ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით – მხოლოდ ერთი წერტილიდან, პორტალზე ერთჯერადად რეგისტრაციისა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმების შემდეგ.
პორტალზე ხელმისაწვდომია საინფორმაციო და ფუნქციური ტიპის ელექტრონული სერვისები, რომლებიც შინაარსის მიხედვით დაჯგუფებულია შესაბამის კატეგორიებად, როგორიცაა: პირადი ინფორმაცია, ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მომსახურება, ქონება, ბიზნესი, გადასახადები, ჯარიმები, განათლება, კომუნალური გადასახადები და სხვა.
საინფორმაციო ტიპის სერვისი გულისხმობს მომხმარებლისთვის მის შესახებ სხვადასხვა უწყებაში დაცული ინფორმაციის მიწოდებას. მაგ. პიროვნების მონაწილეობა დოკუმენტებში, საწარმოში მონაწილეობა, ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ, საგადასახადო დავალიანება და ა.შ.
ფუნქციური ტიპის სერვისი გულისხმობს სერვისის მისაღებად განაცხადის შევსებას, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციისა და მათში დაცული მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვას; საჭიროების შემთხვევაში, მასზე და თანდართულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას/შტამპის დასმას, შევსებული განაცხადის ადრესატთან გაგზავნას, პორტალის მეშვეობით პასუხის მიღებას და შევსებული განაცხადისა და მიღებული პასუხების შენახვას.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც დასტურდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, ან სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციით, ან იურიდიული პირის მიერ პორტალის მეშვეობით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით, მას აქვს შესაძლებლობა, იურიდიული პირის სახელით, გამოიყენოს პორტალზე იურიდიული პირებისათვის განკუთვნილი სერვისები.
დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად გამოიყენება კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ იურიდიული პირის სახელზე გაცემული შტამპის შექმნის მოწყობილობა. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ვებ-გვერდს.
ვებ-გვერდის გამოყენება ხდება მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგ. პორტალი მომხმარებელს სთავაზობს ორი ტიპის რეგისტრაციას:
თუ მოქალაქე ფლობს ახალ პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და ID ბარათის წამკითხველ მოწყობილობას, შეუძლია, პორტალზე დარეგისტრირდეს დამოუკიდებლად. ამ ფორმით რეგისტრაციისათვის საჭიროა პირადობის მოწმობის 4 ციფრიანი პინ-კოდის ცოდნა, რომელიც გადაეცემა მოქალაქეს პირადობის მოწმობის მიღებისას დალუქულ კონვერტში.
თუ მოქალაქე ფლობს ძველ პირადობის მოწმობას, ან არ აქვს ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, ან დაავიწყდა 4 ციფრისგან შემდგარი პინ-კოდი, მაშინ შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლს, სადაც ოპერატორი პორტალზე დაარეგისტრირებს მომხმარებლის სახელითა და პაროლით.
რეგისტრაციის შემდგომ მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ სერვისის გამოყენებას, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ვებ-პორტალი.
სერვისები
• მიმოწერა საჯარო უწყებებთან;
• ავტომობილის ფლობა;
• ძებნა მოვალეთა რეესტრში;
• მოვალეთა რეესტრი;
• პერსონალური მონაცემები;
• საზღვრის კვეთა;
• პიროვნების მონაწილეობა დოკუმენტებში;
• უძრავი ქონება;
• საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება;
• ამონაწერის მომზადება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზების შესწორება;
• დოკუმენტების ასლების ელექტრონული გაცემა;
• ცვლილების რეგისტრაცია / საიდენტიფიკაციო რეკვიზიტების ცვლილება;
• ახალი სუბიექტის რეგისტრაცია;
• გადახდის უუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება;
• გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების შეწყვეტა;
• რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია;
• რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტის რეგისტრაცია;
• სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია;
• სუბიექტის ელ. ფოსტის მისამართის/ტელეფონის ნომრის/იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაცია;
• სუბიექტის რეორგანიზაცია;
• წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია;
• წილზე გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია;
• წილზე გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია;
• რეგისტრაციის გაუქმება;
• ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია;
• ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის რეგისტრაცია;
• მუნიციპალიტეტის სერვისები;
• ნებართვები და ლიცენზიები;
• თანადაფინანსება;
• სატრანსპორტო;
• ბიზნესი;
• ქონება;
• სოციალური მომსახურებები;
• ჯანმრთელობა;
• ოჯახი;
• დავალიანება.
ასევე, www.MY.gov.ge მომხმარებელს უქმნის კომფორტს და სთავაზობს ონლაინ გადახდებს აბსოლუტურად ყველა მომსახურებაზე, როგორიცაა: კომუნალური გადასახადები, ონლაინ შოპინგი, მობილური ოპერატორები, კომუნიკაცია, ინტერნეტი, საკაბელო და ციფრული ტელევიზია, სახელმწიფო მოსაკრებელი, აზარტული თამაშები, საფინანსო მომსახურება და დაზღვევა, ინტერნეტ კონტეტი, საფინანსო მომსახურეობა, ონლაინ თამაშები და გართობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა.
ნიკოლოზ მნათობიშვილი