მიუხედავად იმისა, რომ წლებია ელ. კომერცია მსოფლიო ტრენდად იქცა, მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვანი ძვრებია ამ მიმართულებით, ბევრისთვის ის კვლავ უცხო ტერმინად რჩება. გთავაზობთ ელ. კომერციის ძირითადი საკითხების და ტერმინების მარტივ განმარტებებს:
ელ. კომერცია
ელ. კომერცია (E-commerce), იგივე ელექტრონული კომერცია, www.investopedia.com-ის განმარტებით, გულისხმობს ბიზნესს, რომელიც ელექტრონულად მართავს როგორც პროდუქტის ან/და მომსახურების კოლექციებს, ასევე გადახდებს. ელ. კომერცია არის ქმედებები, რომლის მიზანია, პროდუქტის ყიდვა ან გაყიდვა ონლაინ სერვისებით, ან ინტერნეტით.
ელ. კომერცია vs ელ. ბიზნესი
ხშირად ეშლებათ ეს ორი ტერმინი ერთმანეთში, არადა, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ელექტრონული ბიზნესი არის უფრო ფართო ცნება და ის მოიცავს კომპლექსურ პროცესებს ონლაინ ბიზნესის მართვისთვის, მათ შორის ელ. კომერციასაც, რომელიც უშუალოდ გამყიდველსა და მყიდველს შორის პროდუქტის/მომსახურების გაყიდვას გულისხმობს.
ელ. კომერციის სხვადასხვა ტიპი
ელ. კომერცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ტიპის მოდელსა და მახასიათებელს, თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ ორ ძირითად თემაზე, ესენია:
▶ ბიზნეს მოდელები მომხმარებლის ჭრილში
▶ ბიზნეს მოდელები პროდუქტის ჭრილში
ბიზნეს მოდელები მომხმარებლის ჭრილში.
ნებისმიერი ბიზნესი ფოკუსირებულია მომხმარებლებზე და მათი ტიპების განსაზღვრით შეგვიძლია, ბიზნეს მოდელების კლასიფიკაციაც მოვახდინოთ. ეს მოდელებია:
• B2B (Business to Business): ბიზნესი ბიზნესისთვის არის მიდგომა, როდესაც ბიზნესი პროდუქტს/მომსახურებას აწვდის ისევ ბიზნესს, ან ორგანიზაციას. მაგალითად, სამშენებლო მასალების ელ. კომერცია შეიძლება იყოს ფოკუსირებული სამშენებლო კომპანიების და აგენტების სეგმენტზე;
• B2C (Business-to-Consumer): ბიზნესი მომხმარებლისთვის არის მიდგომა, როდესაც ბიზნესი პროდუქტს/მომსახურებას ჰყიდის პირდაპირ მომხმარებელზე. ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპი, მაგალითად, როგორიცაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ელექტრონიკის მაღაზიები;
• C2B (Consumer-to-Business): ელ. კომერციის პლატფორმები, როდესაც მომხმარებლები გვევლინებიან პროდუქტის ან მომსახურების მიმწოდებლად და ბიზნესი ყიდულობს მათგან. მაგალითად, დამლაგებლების პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს პროფესიონალურ სერვისს;
• C2C (Consumer-to-Consumer): ეს არის ელ. კომერციის ტიპი, როდესაც პლატფორმა მომხმარებლებს შორის პროდუქტის/მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პროცესის მენეჯმენტს ახდენს. კარგი მაგალითია მეორადი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმები, მაგალითად, მსოფლიო გიგანტი eBay.
დამატებით, შეიძლება კიდევ გამოიყოს სხვა ტიპები, როგორიცაა G2C (Goverment-to-Consumer) როდესაც მთავრობა (საჯარო სექტორი) აწვდის მომხმარებლებს სერვისს, ან პირიქით, C2G (Consumer-to-Goverment), როდესაც პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლები პროდუქტს/მომსახურებას სთავაზობენ მთავრობას (სახელმწიფო სამსახურებს).
ბიზნეს მოდელები პროდუქტის ჭრილში.
როდესაც ვსაუბრობთ ონლაინ სექტორზე, მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, ის არასტაბილური და მუდმივად ცვლადი გარემოებები, რაც არსებობს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, მუდმივად ახალ საჭიროებებთან თანხვედრა.
თანამედროვე სამყაროში ელ. კომერციის ბიზნესი ქმნის შეთავაზებული პროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს და გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
• ონლაინ მაღაზია საკუთარი პროდუქტით: ესაა ყველაზე საწყისი წერტილი, როგორც კი იწყებთ ფიქრს ელ. კომერციის ბიზნეს მოდელზე. ზუსტად იგივე მიდგომაა, რაც ტრადიციული მაღაზია, თუმცა ერთი განსხვავებით – პროდუქციას ჰყიდით ონლაინ (ინტერნეტის მეშვეობით);
• ონლაინ მაღაზია სხვისი პროდუქტით: ამ შემთხვევაში, გამყიდველი არის მესამე პირი, რომელიც თანამშრომლობს პროდუქტის მიმწოდებელთან და საკომისიოს სანაცვლოდ ჰყიდის მის პროდუქციას სხვაზე;
• დაკავშირებული ელ. კომერციის ბიზნესი (Affiliate e-commerce): როდესაც ელ. კომერციის წარმომადგენელი უშუალოდ პროდუქციით არ ვაჭრობს, არამედ მისი მიზანია, მყიდველი მიიყვანოს სხვა ბიზნესის პროდუქტთან და ამ პროცესში გაყიდული პროდუქციიდნ მიიღოს სარგებელი. თანამედროვე სამყაროში მსგავსი ბიზნეს მოდელები საკმაოდ გავრცელებულია. არსებობს ცნობილი ბლოგები, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და როდესაც მომხმარებელი ამ წყაროდან გადამისამართდება და შეიძენს აღნიშნულ პროდუქტს, სისტემა იმახსოვრებს წყაროს და ურიცხავს შესაბამის საკომისიოს;
• წევრობაზე დაფუძნებული: სულ უფრო მეტი ბიზნესი ცდილობს, მომხმარებელი ჩართოს მრავალჯერად და ხანგრძლივი ურთიერთობის პროცესში ნაცვლად იმისა, რომ ერთჯერადად მიჰყიდოს მას პროდუქცია და ამით დაასრულოს ურთიერთობა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ელ. კომერციის პლატფორმებზე თქვენ შეხვდებით გაწევრიანების შემოთავაზებას, გარკვეული პაკეტების სანაცვლოდ (კვირაში, თვეში, წელიწადში ერთხელ გარკვეული სარგებლის მიღება), რაც თქვენგან პერიოდულად თანხის გადახდას მოითხოვს;
• კატალოგ ვებ-გვერდები (marketplace): ესაა პლატფორმა, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს სხვადასხვა სექტორიდან სთავაზობს ონლაინ ხელსაწყოს პროდუქტის/მომსახურების განსათავსებლად და გასაყიდად. Amazon.com წარმოადგენს მსგავსი ბიზნეს მოდელის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს.
• სერვისები: ელ. კომერციის პლატფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტის გაყიდვით. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობებს იძლევა, მომხმარებლებს ონლაინ ცალკეული სერვისებიც მიეწოდოთ, ისეთები, როგორიცაა: ტრენინგები, კონსულტაციები, მენტორინგი, თარგმნა და სხვა.
როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ეს სრული სია არ არის და ყოველდღიურად ახალი ტენდეციები და მოდელები ვითარდება. ხშირად ელ. კომერციის პლატფორმები აერთიანებს რამოდენიმე მოდელს ერთდროულად. მნიშნელოვანია, ელ. კომერციის ბიზნესის ნებისმიერ დამწყებს ეს საკითხები წინასწარ ჰქონდეს გააზრებული.
ელ. კომერციის ბიზნესი, ცალსახად, არის მომავალი. მის გარეშე ძალიან ბევრ ბიზნესს უახლოეს პერიოდში უბრალოდ განვითარება ვერ ექნება და ბევრისთვის ეს იქნება, ან უკვე არის, გადარჩენის ერთადერთი გზა.
სწორედ ამ მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, კიდევ უფრო დეტალებში ჩავიხედოთ და გავეცნოთ ელ. კომერციის ბიზნესის ხასიათს – მის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს შემდეგ ბლოგ პოსტში.
აქტურად ვარ ჩართული ტექნოლოგიების სფეროში, ვქმნით ვებ და მობაილ პროგრამულ გადაწყვეტებს წამყვანი კომპანიებისთვის. ასევე ვქმნით საკუთარ ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ასევე მნიშვნელოვან დროს ვუთმობ საგანმანათლებლო აქტივობებს (2008 წლიდნ), ვარ ტრენერი, ლექტორი. მაქვს ბლოგი kanchaveli.com და 2019 ში გამოვეცი სახელმძღვანელო თემაზე: ელ. კომერცია.