ელ. კომერციის დაწყების მაგალითები და მიდგომები

ერთ-ერთი ეფექტური გზა ელ. კომერციის ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული მიდგომების შესასწავლად საუკეთესო მაგალითების განხილვა და მათგან სწავლაა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზუსტად იგივე მიდგომები არ იმუშავებს სხვა სეგმენტზე, სხვა გეოგრაფიულ არეალში. კონკრეტული მიდგომის საკუთარ ბიზნესში გადმოსატანად და დასანერგად საჭიროა, მოცემული ინდივიდუალური გარემოებების შესწავლა და მასზე მორგება.

ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე ელ. კომერციის გვერდი და მათი მიდგომა ბიზნესის განვითარებისთვის:

www.cookmellow.com – 200 000$ ის წინასწარი შეკვეთა 1 თვეში

Mellow არის კომპანია, რომელიც ამზადებს სამზარეულოს რობოტს. რობოტი ინტეგრირებულია სმარტ ტელეფონთან და კერძის მარტივად მომზადების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთი დამფუძნებელი მუშაობდა ტექნოლოგიური მიმართულებით, ხოლო მეორე – PR და მარკეტინგის მიმართულებით. რა გააკეთეს წარმატებისთვის?

მათ გამოიყენეს წინასწრი შეკვეთების პლატფორმა Trycelery.com, რათა Mellow-ს მომხმარებლებამდე მიეღწია. რამოდენიმე დღეში მათი პროდუქტის წინასწარმა შესყიდვებმა 64 000, ხოლო 1 თვეში 200 000 დოლარს მიაღწია.

რა უნდა ვისწავლოთ?

დამფუძნებლები ამ წარმატების რამოდენიმე ფაქტორს ასახელებენ. ესენია: ბაზარზე გასვლის სტრატეგია და გუნდის გამოცდილება. ეს ორივე ფაქტორი აიხსნება ერთი განმარტებით, რომელიც Paul Graham-ს (ცნობილი მეწარმე, მწერალი, სტარტაპ აქსელერატორის დამფუძნებელი) ეკუთვნის: “თუ გინდათ, რომ დაიწყოთ სტარტაპი ნულიდან, არ დაისახოთ მიზნად მასშტაბის გაზრდა. ისწავლეთ, როგორ მოახდინოთ მისი სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, აღმოაჩინეთ და მიწვდით მომხმარებლებს შეფასების მისაღებად და სცადეთ, მოხვდეთ ცნობილ ჟურნალებში”.

სწორედ ეს გზა გაიარა კომპანია Mellow-მ. მათ შექმნეს კონკრეტული პროდუქტი, იზრუნეს მის მარკეტინგზე, მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციაზე, მათი შეფასების მისაღებად და კომპანიის შესახებ ინფორმაციის აქტიურად გავრცელებაზე. სწორედ ამ მიდგომამ (აქტიური და სწორი კომუნიკაცია) მოიტანა ჯერ არშექმნილი პროდუქტის პოპულარობა და 200 000$ -ის წინასწარი შესყიდვა 1 თვეში.

როგორ იშოვეს მეგობრებმა 170 000$ 10 თვეში სუნელებიანი თაფლით?

ყველას უკვირდა სუნელებიანი თაფლის, თაფლი წიწაკით და მსგავსი შეთავაზებების, თუმცა, მათ ეს შეძლეს და 10 თვეში მათ პროდუქტზე ბევრი აალაპარაკეს. როგორ? რა გააკეთეს წარმატებისთვის?

პირველი 1000$ ელ. ფოსტაზე დაგზავნილი პერსონალური შეთავაზებებიდან და საკუთარი Facebook გვერდების გამოყენებიდან მიიღეს.

შემდეგ მათ გააკეთეს პრესის წარმომადგენლების სია, ვინც ამ პროდუქტით დაინტერესდებოდნენ. ძირითადად, ესენი იყვნენ ადგილობრივი ონლაინ ჟურნალები, ნაკლებად პოპულარული სატელევიზიო გადაცემები, აქტიური Facebook გვერდები და ჯგუფები და აქტიურად დაიწყეს მათთან კომუნიკაცია.

შედეგი?

აქტიურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და მათი ბიზნესი შემდეგი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რა უნდა ვისწავლოთ?

ყველას უყვარს საუკეთესო ტელევიზიებში საუკეთესო გადაცემებში ყოფნა, თუმცა ყველაფერი იწყება მცირედით. Ryan Holiday-ს (ცნობილი ამერიკელი მწერალი, მარკეტერი და მეწარმე) ეკუთვნის კონცეფცია “აღმასვლის ჯაჭვი” (trading up the chain), რომლის მიხედვითაც, ყველა დიდი მედია წარმომადგენელი კონტენტს ხშირად მცირე მოთამაშეებისგან იღებს. დაიწყეთ საკუთარი ბიზნესის წარდგენა მცირე ბლოგებზე, ჟურნალებზე და თანდათან დაინახავთ, როგორ აღმოჩნდებით დიდი მედია ჰოდინგების გვერდებზე, თუ ცნობილ გადაცემებში.

როგორ იქცა Opena Case (ლუდის ბოთლის გასახსნელი) მილიონიან ბიზნესად?

iPhone-ის ე.წ. ქეისები (ჩასადებები) რომ მოთხოვნადია და ბევრი იყიდება, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, რამდენად პრაქტიკულია ის? სწორედ ამ კითხვით დაიწყო Opena-ს ისტორია. Opena არის iPhone-ის უსაფრთხოების ქეისი, რომელსაც ჩაშენებული აქვს ბოთლის გამხსნელი. შესაბამისად, სადმე წვეულებაზე ლუდის ბოთლის გამხსნელის ძიება აღარ მოგიწევთ. სწორედ ამ პროდუქტით შეიქმნა მილიონიანი კომპანია.

რა გააკეთეს წარმატებისთვის?

Opena-ს პირველი ნაბიჯები უკავშირდება ცნობილ ამერიკულ პლატფორმას Kickstarter.com-ს, რომელიც ბიზნესებს საკუთარი პროდუქტისთვის წინასწარი გაყიდვების მოზიდვაში ეხმარება. პლატფორმაზე ხდება მხოლოდ იდეის განთავსება (ფოტო-ვიდეო მასალით აღწერილი) და მომხმარებლებისთვის შეთავაზება, ბევრად უფრო იაფად, ვიდრე პროდუქტი ეღირება მისი ბაზარზე გასვლის შემდეგ. შეგროვებულ თანხას სტარტაპერები იყენებენ მასიური წარმოების დასაწყებად და უკვე შემდეგ აწვდიან პროდუქტს მომხმარებლებს.
Kickstarter.com-ზე გაყიდვების გასააქტიურებლად, მათ საკუთარი ხარჯით შექმნეს Opena-ს პირველი ქეისები პირველი 100 მყიდველისთვის ლოდინის დროის შესამცირებლად.

პროდუქტის სწრაფად მიღების სურვილის გამო, ისინი რამდენიმე საათში გაიყიდა. სწრაფი გაყიდვების გამო კი, პროდუქტი, თავის მხრივ, ტრენდული გახდა და მისი პოპულარობა პლატფორმაზე მნიშნელოვნად გაიზარდა. პირველმა მყიდველებმა არაერთი შეფასება, ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში, რაც კომპანიისთვის დამატებითი პოპულარობის წყარო გახდა.

რა უნდა ვისწავლოთ?

მარკეტინგული ხრიკის გარდა, ამ პროდუქტის გაყიდვის  მნიშნელოვანი წინაპირობა იყო მისი დამფუძნებლის გამოცდილება.

ვინ არის დამფუძნებელი, ვინც ეს პროდუქტი შექმნა?

მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის სწავლობდა ინდუსტრიულ დიზაინს; 4 წელი მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან ფირმაში მოწყობილობების დიზაინის, პროტოტიპის და გრაფიკული ინტერფეისის შექმნაზე; მუშაობდა კონსულტანტად დიზაინის მიმართულებით; ყიდდა პროგრამულ უზრუნველყოფას, გაყიდვების უნარის განვითარებისთვის; 3 წლის განმავლობაში მართავდა საკუთარ დიზაინ საკონსულტაციო კომპანიას.

და მხოლოდ ამ გამოცდილების დაგროვების შემდეგ დააფუძნა საკუთარი კომპანია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიდი გამოცდილება გეხმარებათ, აღმოაჩინოთ ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს და მოახერხოთ მისი გადაჭრა ისე, როგორც ხალხს სჭირდება.

ბევრი Opena-ს ისტორიას გამართლებას დაარქმევდა, თუმცა ეს ასე არაა. ეს მრავალი წლის გამოცდილებაზე დაფუძნებული წარმატების ისტორიაა.

სოციალური მედია მარკეტინგი: როგორ გააერთიანა მცირე ელ. კომერციის ვებ-გვერდმა  293 000 Facebook მხარდამჭერი.

ბრილიანტის სანთელი არის კომპანია, რომელიც ყიდის დეკორატიულ სანთელს, რომლის ძირშიც ბეჭდის აღმოჩენაა შესაძლებელი. თავდაპირველად კომპანიის მარკეტინგული კამპანია მდგომარეობდა შემდეგში: გარდა ამ საჩუქრისა, თუ მომხმარებელი ფოტოს გადაუღებდა ბეჭედს და განათავსებდა Facebook-ზე შესაბამისი წარწერით, მას დამატებითი საჩუქრის მიღების შანსი ეძლეოდა. ამან მომხმარებელს უბიძგა, აღმოჩენილი მცირე საჩუქრის – ბეჭდის პოვნის ისტორია, საკუთარი მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაეზიარებინა.

რა გააკეთეს წარმატებისთვის?

რეკლამაში ფულის ხარჯვის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ მედიაში მომხმარებლების ჩართულობის გაზრდაზე დაიწყო ფიქრი. ანუ, მათი სტრატეგიის მთავარი არსი მდგომარეობდა მომხმარებლების წახალისებაში, რომ პროდუქტის მიმართ საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებისთვისაც გაეზიარებინათ.

ნულოვანი სარეკლამო ბიუჯეტით ამ ფოტოებმა კომპანიას ასობით ათასი მხარდაჭერი მოუყვანა და რადგან მომხმარებლების გაზიარებულმა ფოტოებმა ბევრად დიდი შედეგი მოიტანა, კომპანიამ, სხვადასხვა მარკეტინგული გზით, კიდევ უფრო წაახალისა ისინი მეტი ფოტოს გასაზიარებლად.

რა უნდა ვისწავლოთ?

ბიზნესისთვის მომხმარებლები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ელჩები. იპოვეთ გზა მათ ჩასართავად და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წასახალისებლად.

როგორ შექმნა სტუდენტმა მაისურების ონლაინ მაღაზია და როგორ გამოიმუშავა პირველივე თვეს 1250$?

Shopify არის ელ. კომერციის ვებ-გვერდების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი პლატფორმა. მათი ბლოგის დიდი ნაწილი მათივე მომხმარებლების წარმატებების გაზიარებას ეთმობა. ერთ-ერთი ასეთი ბლოგ პოსტი კი ეძღვნება ისტორიას მაისურების ელ. კომერციის შესახებ, რომლითაც სტუდენტმა 3 კვირაში 1248.90 $ გამოიმუშავა. რა გაკეთდა წარმატებისთვის?

ვებ-გვერდის შექმნისთანავე, მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ მან სხვადასხვა ონლაინ მარკეტინგის არხი გამოიყენა და აღმოაჩინა, რომ Instagram-სა და Reddit-ზე (ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ფორუმი) ჰქონდა ყველაზე მეტი გამოხმაურება. Reddit იყო ის შემთხვევა, რომელიც მის მოლოდინებში საერთოდ არ ჯდებოდა. არადა, ეს არის სივრცე, სადაც ხალხი უკვე შეკრებილია კონკრეტული თემების გარშემო.

რა უნდა ვისწავლოთ?

ყოველთვის დატესტეთ ახალი მარკეტინგული არხები თქვენი პროდუქტისთვის, რადგან არასდროს იცით წინასწარ, რომელი მარკეტინგული არხი აღმოჩნდება ყველაზე მომგებიანი.

შეჯამებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითები არ არის ქართული, მათგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ:

პროდუქტის შექმნამდე აუცილებელია მისი ვალიდაცია. იცოდეთ, ვინ არის მომხმარებელი და გადაიხდის თუ არა ის ფულს ამაში;

ძალიან მნიშნელოვანია, გუნდის წევრებს შეეძლოთ პროდუქტის შექმნაც და მისი რეკლამირებაც, რადგან არც ერთი მათგანი არ არის ერთჯერადი საქმე და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს;

გააპიარეთ თქვენი ბიზნესი ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ. ლოკალურ დონეზე, პატარა მედია საშუალებებში ხშირი პოზიციონირება თანდათან გადაიზრდება აგრესიულ მასშტაბურ კამპანიაში;

მომხმარებლები უნდა იყვნენ კმაყოფილები და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ;

გამოიყენეთ სულ უფრო ახალი მარკეტინგული არხები საიმისოდ, რათა მიწვდეთ ახალ სეგმენტს და ამასთანავე, დატესტოთ და აღმოაჩინოთ ყველაზე მომგებიანი საკომუნიკაციო საშუალება თქვენი ბიზნესითვის. როგორც კი აღმოაჩენთ მას, გაზარდეთ კომუნიკაციის სიხშირე და რეკლამები;

ერთადერთი სფერო, სადაც ფულის ჩადება არ უნდა დაგენანოთ, არის მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი აზრის გასაგებად და გაყიდვების გასაზრდელად.

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება