თუ ელ. კომერციის ბიზნესის დაწყებას ფიქრობთ, თქვენთვის ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს: ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის ონლაინ ვაჭრობის საერთო ბრუნვა, მსოფლიო მასშტაბით, 4 ტრილიონი აშშ დოლარს მიაღწევს. ეს დიდებული ამბავი, ერთი მხრივ, გამამხნევებელია, მეორე მხრივ კი დამაფიქრებელი, რადგან ყველაფერს ორი მხარე აქვს. არის ეს ბიზნეს საქმიანობა რეალურად თქვენთვის? გთავაზობთ, ელ. კომერციის ბიზნესის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს, რომელიც, ალბათ, დაგაფიქრებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
რა არის ელ. კომერციის ბიზნესის უპირატესობები?
წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, რომელიც, წესით, თქვენი მეწარმული სულისკვეთების გაზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს:
• მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ მისი დაწყება შესაძლებელია ძალიან დაბალ ფასად, განსხვავებით იმავე სფეროში დაწყებული ტრადიციული ბიზნესისგან, სადაც, მაგალითად, მაღაზიის გახსნას სჭირდება იჯარა, ინვენტარი, მოწყობილობები, ადამიანური რესურსი და სხვა მრავალი. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში გლობალური თუ ადგილობრივი პლატფორმები გთავაზობენ მინიმალურ ფასად საკუთარი ონლაინ მაღაზიის გახსნას;
• ელ. კომერციის ბიზნესი პოტენციურად მუშაობს სულ – 24/7. წარმოიდგინეთ, თქვენი კონკურენტი ფიზიკური მაღაზიების უმრავლესობა 21:00 საათის შემდეგ იხურება. ამ შემთხვევაში კი თქვენ შეგიძლიათ Facebook რეკლამა გაუშვათ სწორედ 21:00-დან დილის 09:00-მდე და მომხმარებელს პროდუქცია ონლაინ შესთავაზოთ. დიახ, ეს დიდი უპირატესობაა;
• გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე. თუ გამოიჩენთ შესაბამის უნარებს და მოაგვარებთ ლოჯისტიკურ საკითხებს რეგიონალურ, ან გლობალურ დონეზე, ფაქტობრივად, თქვენი მაღაზია იმუშავებს ყველასთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ საუბარია ისეთ ბიზნესზე, როგორიცაა, მაგალითად, ტურიზმი, თქვენი საოჯახო სასტუმროს ნახვა და დაჯავშნა შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
• ადვილია მომხმარებლებთან კომუნიკაცია და საუკეთესო პროდუქტის შეთავაზება. წარმოიდგინეთ, ფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ეძებს მომხმარებელი ან ადრე რა ჰქონდა ნანახი/ნაყიდი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მას ყველაზე პოპულარული ან გაყიდვადი პროდუქტის ინდივიდუალური შეთავაზება გაუკეთოთ მომენტალურად, ელ. ფოსტაზე გაგზავნის, ან ვებ-გვერდის (საიტის) მთავარ გვერდზე გამოტანის გზით მაშინ, როდესაც მაღაზიაში ეს შესაძლებელი იქნებოდა მუდმივად ინტერიერის ცვლილების ხარჯზე;
• შესთავაზეთ ის, რაც მომხმარებელს სურს. ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია მაღაზიაში, რადგან ყოველ ჯერზე ყოველი მომხმარებლისთვის წარმოუდგენელია პროდუქციის გადალაგება მაშინ, როდესაც ტექნოლოგიები გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოთ მომხმარებელი და მას ყოველ ჯერზე მის სურვილებზე მორგებული ახალი კატალოგი დაახვედროთ;
• ადვილია, დაასაქმოთ პროფესიონალები. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე სამუშაო ბაზარზე. პროფესიონალი კადრების მოძიება და მათი ანაზღაურება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ბევრი დამწყები ბიზნესისთვის, თუმცა ელ. კომერციის ბიზნესის ხასიათიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მათ შესთავაზოთ არა მუდმივი სრულ განაკვეთზე სამუშაო, არამედ თავისუფალი გრაფიკით ონლაინ მუშაობის პირობები. ეს ბევრი პროფესიონალი კადრისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა და მზად არის, ბევრად იაფად ჩაერთოს თქვენი ბიზნესის განვითარებაში;
• მომხმარებლის ინფორმაციაზე გაქვთ წვდომა. ონლაინ პლატფორმები შესაძლებლობას იძლევა, ყველა თქვენი მომხმარებლის ინფორმაცია შეინახოთ და მასზე დაყრდნობით გააკეთოთ ანალიზი. მაგალითად, დააჯგუფოთ მომხმარებლები, რომლებმაც ერთნაირი პროდუქცია შეიძინეს სხვადასხვა დროს და მათთან დაკავშირებული პროდუქტი ფასდაკლებით შესთავაზოთ;
• შეგიძლიათ ძალიან სწრაფად ზრდა, რადგან ყოველი ახალი სამიზნე ჯგუფი, იქნება ეს პროფესიული, ასაკობრივი თუ გეოგრაფიული მახასიათებლებით, არ საჭიროებს ახალ ლოკაციას, ახალ მაღაზიას, ახალ მნიშნელოვან ხარჯებს. საჭიროა სწორი მიდგომა და მათზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგია. ასევე, უპრობლემოდ შეგიძლიათ გაზარდოთ პროდუქციის რაოდენობა ისე, რომ არ იდარდოთ მაღაზი(ებ)ის ზომაზე;
• თითოეულ პროდუქტზე ადვილად შეგიძლიათ დეტალური აღწერის გაკეთება, რაც რთულია მაღაზიის შემთხვევაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ: ბლოგ პოსტები, ვიდეო რგოლები, ფოტო მასალა, მომხმარებლის შეფასებები და სხვა ხერხები.
დიახ, აქ შეიძლება, ყოფილიყო მე-10, მე-11, მე-19, 27-ე და სხვა მრავალი უპირატესობა, რომელიც ინდივიდუალურად პიროვნებას ან ბიზნეს ახასიათებს.
თუ ეს ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები თქვენთვის მამოტივირებელია ბიზნესის დასაწყებად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების შეფასებაც, რისი საშუალებითაც თქვენ შეძლებთ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი საკითხების აღმოჩენას. ამისთვის კი წინასწარ უნდა გქონდეთ პასუხი და გეგმა.
რა არის ელ. კომერციის ბიზნესის ნაკლოვანებები?
• ვერავინ იყიდის პროდუქციას/მომსახურებას, თუ ვებ-გვერდს აქვს პრობლემები და მითუმეტეს, თუ ხარვეზის გამო მასზე მომხმარებელი ვერ შედის. გამოწვევად რჩება, როდესაც ბიზნესი იყენებს საკუთარ ელ. კომერციის ვებ-გვერდს და არ ჰყავს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ვებ-გვერდი შეიძლება გაითიშოს. იყავით ყურადღებით!
რჩევა: მუდმივად აკონტროლეთ თქვენი პლატფორმა და გაწერეთ ტექნიკური მხარდაჭერის გეგმა.
• მომხმარებელი ვერ იყენებს/სინჯავს, სანამ არ იყიდის. იფიქრეთ პროდუქტის ხარისხის გარანტიებზე. ამას დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე. მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად გაქვთ წარმოდგენილი პროდუქტი (აღწერა, ფოტო, ვიდეო, ინსტრუქცია, შეფასებები და სხვა) და რამდენად სანდოდ გამოიყურებით თქვენ ან თქვენი პროდუქტი.
რჩევა: რას იტყვით, თქვენი მომხმარებლების შეფასებების შეგროვებაზე და მათ განთავსებაზე თქვენი პროდუქტის გვერდზე?
• მომხმარებელს შეუძლია, ერთმანეთს შეადაროს პროდუქტების ფასები და აირჩიოს იაფი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწორად იყოს გადმოცემული პროდუქტის უპირატესობები ფასთან შედარებით, რათა არ დაკარგოთ მომხმარებელი.
რჩევა: პროდუქტის აღწერაში დეტალურად გადმოეცით ყველა ის მახასიათებლები, რაც მოქმედებს ფასის ფორმირებაზე. მაგალითად, თუ სასტუმრო ოთახის ფასი ძვირია, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, მაგრამ ფასში შედის საუზმე, ველოსიპედების მოხმარება და მანქანით ქალაქის ცენტრში გაყვანა, აუცილებლად ასახეთ ეს სერვისები მის აღწერაში, რათა მომხმარებელმა შედარებით იაფი ალტერნატივა არ აირჩიოს და აღწერილი დამატებითი მომსახურებების გამო, მიიღოს თქვენი სერვისი შედარებით უფრო ძვირად.
• თუ ჩვენ ვსაუბრობთ ელ. კომერციის ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე, ე.ი. ვსაუბრობთ დიდ კონკურენციაზეც. თუ აეროპორტში, ან ცენტრალურ სადგურზე ტაქსტების გაჩერება ერთეულებისთვისაა დაშვებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაქსების გამოძახების სერვისი მხოლოდ ერთია. ონლაინ შესაძლებელია ასობით სხვა კომპანიის სერვისით სარგებლობა.
რჩევა: იფიქრეთ, რით ხართ, ან იქნებით გამორჩეული?
• რთულია, ან შეუძლებელია ვებ-გვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაცია მანამ, სანამ ისინი არ მოისურვებენ ამას. თქვენ ვერ ხვდებით, თუ რატომ შემოვიდნენ, რას ეძებდნენ, ვერ იღებთ შეფასებას. ფიზიკური მაღაზიის შემთხვევაში კი შესული ადამიანი პირველივე წამიდან ხილულია და შესაძლებელია მასთან კომუნიკაციაც.
• თუ მომხმარებლის წერილს პასუხს, მაქსიმუმ, 1 საათის განმავლობაში არ გასცემთ (ეს ციფრიც საკმაოდ დიდია), ის ავტომატურად კონკურენტის მომხმარებელი გახდება, ვინაიდან მას ერთდროულად რამდენიმეს შეუძლია მისწეროს და სიმპათია გაუჩნდება იმის მიმართ, ვინც სწრაფად და კომპეტენტურად გასცემს პასუხს.
რჩევა: აუცილებლად ისარგებლეთ მობილური აპლიკაციებით, რათა ყოველთვის და ყველგან შეძლოთ სწრაფი პასუხის გაცემა მომხმარებლებისთვის.
• თუ მომხმარებელი ფიზიკურ მაღაზიაში პროდუქტს ყიდვის მომენტშივე იღებს, ონლაინ ყიდვისას ის დარდობს პროდუქტის მიწოდების ხარისხსა და დროზე. ასე რომ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი პირველ რიგშია მოსაწესრიგებელი.
რჩევა: დეტალურად აღწერეთ მიწოდების გზები და ვადები.
და ბოლოს, უსაფრთხოების საკითხიც ვახსენოთ. მომხმარებელს უწევს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა, რაც იწვევს შიშებს. ცნობილია, რომ არსებობს თაღლითობის მრავალი ფაქტი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები და ნდობის ფაქტორი.
რჩევა: დეტალურად აღწერეთ გადახდის მეთოდები და ხაზი გაუსვით მათ უსაფრთხოებას.
რომ შევაჯამოთ,
იფიქრეთ უპირატესობებზე და ეცადეთ, უფრო გაამდიდროთ თქვენი ელ. კომერციის ბიზნესის ძლიერი მხარეები, ხოლო ნაკლოვანებებზე ფიქრით გააუმჯობესეთ ის ფაქტორები, რაც მომხმარებელს აწუხებს და ეს გახდება თქვენი უპირატესობა! აქვე, დაფიქრდით, რომ არსებობს მომხმარებლების ისეთი კატეგორიაც, რომელიც წინააღმდეგია ელ. კომერციის პლატფორმების. რას მოიმოქმედებთ მათი გულის მოსაგებად?
ფაქტი: გლობალური გიგანტი Amazon.com წლების შემდეგ ხსნის მის ფიზიკურ მაღაზიებს, რატომ?
P.S. ბიზნესის კეთება კომპლექსური რამ არის და ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის პროფილზე. ასე რომ, კარგად გაიაზრეთ, რისი კეთება უწევს ხშირად თქვენს მომხმარებელს? რისი მიღწევა სურს? რისი მოგვარება სურს? შესთავაზეთ ის და ისე, როგორც მას სურს, ან მიაჩვიეთ სრულიად ახალს და ამით შექმენით თქვენი მომხმარებლის სეგმენტი.
გიორგი ყანჩაველი
აქტურად ვარ ჩართული ტექნოლოგიების სფეროში, ვქმნით ვებ და მობაილ პროგრამულ გადაწყვეტებს წამყვანი კომპანიებისთვის. ასევე ვქმნით საკუთარ ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ასევე მნიშვნელოვან დროს ვუთმობ საგანმანათლებლო აქტივობებს (2008 წლიდნ), ვარ ტრენერი, ლექტორი. მაქვს ბლოგი kanchaveli.com და 2019 ში გამოვეცი სახელმძღვანელო თემაზე: ელ. კომერცია.