8 ნაბიჯი ელ. კომერციის ბიზნესის დასაწყებად

ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად საჭიროა პირველადი ანალიზი და საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა. გთავაზობთ სწორედ იმ საწყის ნაბიჯებს, რაც რეკომენდირებულია ელ. კომერციის ბიზნესის დასაწყებად.

იპოვეთ მოთხოვნადი პროდუქტი/მომსახურება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღმოაჩინოთ ისეთი რამ, რაზე მოთხოვნაც ადგილობრივ, თუ გლობალურ ბაზარზე (თქვენი მიზნებიდან გამომდინარე) არის მაღალი, რომელზეც შეგიძლიათ, მოგების მაღალი გაკანვეთი მიიღოთ და რომლის საოპერაციო საკითხების მოგვარება არ გაგიჭირდებათ, იქნება ეს წარმოება, ლოჯისტიკა თუ სხვა. გლობალურად მოთხოვნადი პროდუქტების/მომსახურებების აღმოსაჩენად არსებობს რამდენიმე საინტერესო პლატფორმა და მიდგომა: Google Trends, eBay – ტოპ პროდუქტები,  Amazon  – საუკეთესო გამყიდველები და სხვა. მსგავსი ძიების საშუალებებით აღმოაჩენდით, რომ ხელის სათამაშო „სპინერი“ ერთ-ერთი ტოპ პროდუქტი იყო 2016-2017 წლებში. მანამდე, ბუმი იყო ე.წ. სელფის ჯოხებზე და ა.შ. ან უბრალოდ დააკვირიდით თქვენს თავს, გარემოს, თქვენს რესურსებს – რისი გაკეთება შეგიძლიათ? რა რესურსი გაქვთ, რითაც შეძლებთ პროდუქტის, ან მომსახურების შექმნას?

ნებისმიერ ბიზნეს სექტორში არსებობს მსგავსი პლატფორმები და ინფორმაციის მოძიების წყაროები, რომლითაც თქვენ შეძლებთ მოთხოვნადი პროდუქციის იდენტიფიცირებას. აუცილებელია, რომ შეარჩიოთ ისეთი რამ, რაც თქვენც გაინტერესებთ, რადგან თქვენ მასში უნდა ჩადოთ თქვენი ენერგიის და დროის დიდი ნაწილი. რაც უფრო დიდი ენთუზიაზმით მიუდგებით საქმეს, მით უფრო ადვილად მიაღწევთ მიზანს.

იფიქრეთ შექმნაზე.

ერთია, გქონდეთ კარგი იდეა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი და რთული მისი განხორციელებაა.

○ თუ გაქვთ კარგი იდეა, მომხიბვლელი საოჯახო სასტუმრო, საინტერესო ტური, ან ნებისმიერი სხვა რამ და ვერ შეძელით მის შესახებ ინფორმაციის სწორად განთავსება საჭირო საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით, ვინ გაიგებს და ვინ დაიტერესდება თქვენი ბიზნესით?

○ თუ ყიდით სხვის პროდუქტს, ან წარმოებაში იყენებთ სხვის მიერ მოწოდებულ რესურსს, იფიქრეთ, რა მოხდება, თუ ისინი დაგიგვიანებენ, ან შეწყვეტენ მოწოდებას?

○ თუ აწვდით მომსახურებას ტურისტებს და ვერ შეძელით კარგი მასპინძლობის გაწევა, რა მოხდება მათი ცუდი შეფასების შემდეგ?

○ თუ გაქვთ ელ. კომერციის ვებ-გვერდი და მომხმარებელს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, თქვენ კი არ გაქვთ ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი, როგორ შეიცვლება თქვენი რეპუტაცია?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იფიქრეთ განხორციელების რაც შეიძლება მეტ კომპონენტზე, გზაზე, მიდგომაზე და გქონდეთ ყველა სავარაუდო კითხვაზე პასუხი.

იფიქრეთ ბრენდზე და ციფრულ სამყაროში მის წარდგენაზე.

თქვენს ბიზნესს სჭირდება ადვილად დასამახსოვრებელი ბრენდი, თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ძალიან ბევრი სტარტაპერის  მაგალითზე შეიძლება გამოვკვეთოთ ერთი შეცდომა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელ. კომერციის ბიზნესისთვის – არ დაგავიწყდეთ, თქვენი ბრენდი ციფრულ სამყაროში უნდა იძებნებოდეს! თუ თქვენ ბიზნესს ჰქვია “კარგი იდეა”, აუცილებლად უნდა გქონდეთ დომენი : kargiidea.ge, აუცილებლად უნდა შექმნათ გვერდები (@kargiidea) სოციალურ ქსელებში Facebook, Instagram, Twitter და სხვა. ასევე, გამოიყენეთ საძიებო სისტემები: Google-ის მეშვეობით შეძლებთ ნახოთ, რა ასოციაციები არსებობს თქვენი ბრენდის დასახელების გარშემო. თუ ხედავთ, რომ თქვენი ბრენდის წარდგენა შესაძლებელია ციფრულ სამყაროში, ანუ დომენი არის თავისუფალი, Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში შესაბამისი დასახელებები სხვების მიერ არ არის გამოყენებული, იმოქმედეთ! თუ არა და დროა, სახელის შეცვლაზე იფიქროთ!

შექმენით ვებ-გვერდი და გვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

ამ მიმართულებით ორი გზა გაქვთ – აირჩიოთ გლობალური პლატფორმები და იქ განათავსოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება, ან შექმნათ საკუთარი ვებ-გვერდი და მასზე გამართოთ ელექტრონული გადახდები (საბანკო ბარათით გადახდის შესაძლებლობა, ელექტრონული ინვოისის გაგზავნა, ან სხვა). ამ ორი არჩევანის უპირატესობების და ნაკლოვანებების შესახებ გაიგე მეტი ჩვენს სტატიაში. მიუხედავად იმისა, გამოიყენებთ თუ არა გლობალურ (amazon.com, airbnb.com, ა.შ.), ან თუნდაც ლოკალურ (my.ge, soplidan.ge, ა.შ.) პლატფორმებს, თქვენ მაინც დაგჭირდებათ თქვენი ბიზნესის წარდგენა ციფრულ სამყაროში, როგორიცაა საძიებო სისტემები (Google, Bing, ა.შ.) და სოციალური ქსელები (Facebook, instagram, ა.შ.). ბრენდიდან გამომდინარე, აუცილებელია საკუთარი დომენის (მაგ: kargiidea.ge), თუნდაც ერთგვერდიანი საინფორმაციო ვებ-გვერდის და კორპორატიული ელ. ფოსტის (მაგ: info@kargiidea.ge) ქონა. საძიებო სისტემებში ხშირად მოძებნეთ შედეგი თქვენი ბიზნესისთვის დამახასიათებელი საკვანძო სიტყვებით და თუ თქვენ შესახებ ინფორმაციას ვერ იპოვით, ე.ი. კიდევ მეტი გაქვთ სამუშაო!

დეტალურად გაიაზრეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების გზები. წინასწარ წარმოიდგინეთ შეკვეთების რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი და წინასწარვე განსაზღვრეთ, როგორ შეძლებთ ხარისხიანად მოემსახუროთ მომხმარებლებს. მაგალითად, თქვენ ყიდით ტურებს ქალაქის ცენტრის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, როგორ მოიქცეოდით ქვემოთ დასახელებულ შემთხვევებში:

○ თუ გაქვთ სტანდარტული შეკვეთა სტანდარტული რაოდენობით;

○ თუ მომხმარებელი გწერთ, რომ სტანდარტულ ტურთან ერთად სურს დამატებითი ადგილების მონახულებაც;

○ თუ შეკვეთა 3 ჯგუფზე ერთდროულად შემოვიდა;

○ თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ ჯგუფები და შეუძლოდ გახდით.

წარმოიდგინეთ რაც შეიძლება მეტი ასეთი სიტუაცია და შემდეგ დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მათ. ამ ფორმით მუშაობით თქვენ აღმოაჩენთ, თუ რა არის დასახვეწი თქვენს ბიზნესში, რა შესაცვლელი, რა წინასწარ გასამზადებელი, რა სპონტანურად გადასაჭრელი; სად გჭირდებათ პარტნიორები; რა რესურსების საჭიროება გაქვთ; რა შესაძლო გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება გქონდეთ და ა.შ.

დასახეთ შემოსავლების მიზნები.

ამ საქმეში ბრმად სიარული არ შეიძლება. აუცილებელია, იცნობდეთ თქვენი ბიზნესის თითოეულ დეტალს და გაიაზროთ, რა ღირს თქვენი პროდუქტი, ან მომსახურება; რა ხარჯებთანაა დაკავშრებული ლოჯისტიკა, ადამიანური რესურსები, პროგრამული უზრუნველყოფა. განსაზღვრეთ საბანკო და საბუღალტრო ხარჯები, რა სხვა საოპერაციო ხარჯები გაქვთ კიდევ. გარდა ხარჯებისა, უნდა იფიქროთ პროდუქტის/მომსახურების ვადაზე, მალფუჭებადობაზე, სეზონურობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა დაისახოთ შემოსავლების მიზნები დღის, კვირის, თვის, კვარტლის ჭრილში. რამდენი უნდა იყოს თქვენი შემოსავალი, რომ ხარჯების გადაფარვის გარდა, შეძლოთ განვითარებაზე ზრუნვა და მოგების მიღება. თუ თქვენ ვერ ხედავთ ამ ციფრებს, იმედგაცრუება გარანტირებულია.

დაისახეთ მარკეტინგული გეგმა.

თქვენ გაქვთ პროდუქტი, ბრენდი; თქვენს შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ციფრულ სამყაროში; გადაწყვეტილი გაქვთ საოპერაციო საკითხები… თუ ეს ასეა, პროდუქტის ბაზარზე გატანის დროც დადგა. თქვენი შეთავაზება აქტიურად უნდა მიაწოდოთ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს. საამისოდ გჭირდებათ გეგმა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიდგომები. მოკლევადიანი მიდგომები შეიძლება იყოს:

○ რეკლამა სოციალურ ქსელებში – Facebook ads;

○ ცნობილი ადამიანები, ე.წ. „აზრის ლიდერები“, რომლებიც თქვენ შესახებ ინფორმაციას სისტემატიურად გააზიარებენ;

○ ადგილობრივი მცირე მედია საშუალებები. მათი აქტიურად გამოყენებით, შესაძლებელია მსხვილი მედია წარმომადგენლების დაინტერესებაც;

თუმცა, ეს ყველაფერი ყოველ ჯერზე მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მუდმივი არ არის. სწორედ ამიტომ, საჭიროა მარკეტინგული გრძელვადიანი გეგმის შექმნა, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

○ მასშტაბური და ხანგრძლივი კამპანიები;

○ მომხმარებლების წახალისება და მათი კმაყოფილების დონის ზრდა, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ ინფორმაციის გავრცელებას;

○ საძიებო სისტემებში თქვენი ბრენდის პოზიციონირების ოპტიმიზაცია, რათა ადვილად იძებნებოდეთ. ეს მოიზიდავს ბევრ უცხო პოტენციურ მომხმარებელს;

○ თქვენ შესახებ ციფრულ სამყაროში მუდმივად განახლებული და საინტერესო ინფორმაცია განთავსება;

○ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება: Facebook pixel (Facebook ის მიერ დაგენერირებული კოდი, რომლის ვებ-გვერდის კოდში დამატებითაც შესაძლებელია Facebook მომხმარებლების აღმოჩენა და მათზე რეკლამის გაკეთება); შეფასებების მიღება (ვებ-გვერდზე ღილაკის “შეგვაფასეთ” დამატება, რომელიც გადაიყვანს Google Forms-ზე. იხილეთ ინსტრუქცია ქვემოთ); მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება და მათთან კომუნიკაცია; ბლოგი;  ვიდეო რგოლები და ა.შ.

აქტიური მარკეტინგული ქმედებები ზრდის ბიზნესის განვითარების შანსებს.

გაუშვით თქვენი ონლაინ გაყიდვები!

მთავარი რჩევა ბოლო ეტაპზე არის ის, რომ დაელოდოთ ეტაპს, როდესაც ყველაფერი იდეალურად გექნებათ დაგეგმილი. ბიზნესის მართვა სწორედ მუდმივ გაუმჯობესებებს და საჭირო დროულ ცვლილებებს მოიცავს. მუდმივად ტესტეთ ახალი მიდგომები და სცადეთ გაუმჯობესებების შეტანა არსებულში. მთავარია, გახსოვდეთ, თუ წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენი მცდელობა, არ გაჩერდეთ. კიდევ სცადეთ. ეს თქვენ გაგაძლიერებთ და ახალ გამოცდილებას შეგმატებთ. მხოლოდ ბევრი მცდელობით, ექსპერიმენტებით და სწავლით მიაღწევთ წარმატებებს.

წარმატების ფორმულა არცერთი ბიზნესისთვის არ გამოუგონიათ.

ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

წარმატებებს გისურვებთ!


გიორგი ყანჩაველი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება