თუ თქვენი ბიზნესი, ან ჯერ მხოლოდ იდეა, არ არის უნიკალური და ერთადერთი ბაზარზე, უმნიშვნელოვანესია ბაზრის სხვა მოთამაშეების, ანუ კონკურენტების შესწავლა. ამით თქვენ მარტივად შეაფასებთ თქვენი პროდუქტის დადებით და უარყოფით მხარეებს და შესაბამისად, შეძლებთ მის გაუმჯობესებაზე მუშაობას.
თუ თქვენ გსურთ კონკურენტ ელ. კომერციის ბიზნესებში მხოლოდ ძირითადი საკითხების ანალიზი, აუცილებელია ისეთი ელემენტების მოცვა, როგორიცაა:
• რა სეგმენტზე აქვთ გათვლილი პროდუქტი?
• რა არის მათი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლები? მთავარი ღირებულება, რასაც განსხვავებით სხვებისგან, სთავაზობენ მომხმარებელს?
• რა მთავარი ფუნქციები და უპირატესობები აქვთ წამოწეული სარეკლამო მასალებში?
• რა ფასების პოლიტიკა აქვთ საკუთარ პროდუქტებზე?
• რა მიდგომებით მართავენ პროდუქტის მიწოდებას?
• აქვთ თუ არა დაფინანსების რამე მნიშვნელოვანი წყარო?
ამ საკითხებით შეძლებთ ზოგადი სურათის დანახვას, კონკურენტების ერთმანეთთან შედარებას და საინტერესო საკითხების გამოკვეთას.
უფრო დეტალურად თუ გსურთ ანალიზი, დააკვირდით სხვა ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა:
• ელ. კომერციის საიტის მახასიათებლები, ფუნქციები;
• UX (მომხმარებლის გამოცდილება) – როგორ მართავენ პროცესებს საიტზე, რით ცდილობენ მომხმარებლების შენარჩუნებას (ონლაინ მხარდაჭერა, მარტივი რეგისტრაცია, მარტივი გადახდის პროცესი და ა.შ.);
• სოციალურ ქსელებში მათი პოზიციონირება;
• მარკეტინგული ტაქტიკები;
თუ ჯერ კიდევ ეჭვობთ, რა საჭიროა კონკურენტების ანალიზი, ვეცდები ძირითადი არგუმენტები რამოდენიმე სიტყვით გადმოვცე:
• ბევრად გააზრებული მარკეტინგული გადაწყვეტილებები;
• აღმოაჩინოთ ინდუსტრიის ტენდეციები;
• შეადაროთ ბაზრის ლიდერებს თქვენი პროდუქტი;
• შეიმუშავოთ საუკეთესო ფასთა პოლიტიკა;
• აღმოაჩინოთ ბაზარზე სიცარიელე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ.
ამ ყველაფერს კი მარტივი ნაბიჯებით მოახერხებთ. მიჰყევით ინსტრუქციას:
• შექმენით 7-10 კონკურენტის სია
არ თქვათ მარტივად, რომ არ გყავთ კონკურენტი. მოძებნეთ ყველა ის ბიზნესი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს იმავე, ან მსგავს პროდუქტს.
• შექმენით მატრიცა ექსელში
კონკურენტების ანალიზისას შეგროვებული ინფორმაცია დაალაგეთ კონკრეტული მახასიათებლებით, რათა შეძლოთ ადვილად ანალიზი. ეს მახასიათებლები შეიძლება იყოს: ფასი, შეთავაზებული პროდუქტები, სოციალურ ქსელებში მათი წარდგენა, მომხმარებლების შესაძენად გავრცელებული მასალები, შეთავაზებების ნაირსახეობა მომხმარებლებისთვის და რაც თქვენ გაინტერებთ, დამატებით.
• კონკურენტების სია დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით
განსაზღვრეთ, ვინ არის პირდაპირი კონკურენტი, ვინ – მეორე და ვინ – მესამე დონის. ამას მარტივად შეძლებთ – დააკვირდით, ვინ უფრო მსგავს პროდუქტს სთავაზობს, ვინ უფრო მსგავს სეგმენტზე მუშაობს და ა.შ. მთავარი ამოცანა არის პირდაპირი კონკურენტების განსაზღვრა.
• მიჰყევით მათ და მიიღეთ მათზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
გახდით მათი გამომწერები და მათი მომხმარებლები, რათა მუდმივად მიიღოთ სიახლეები – რას და როგორ სთავაზობენ მომხმარებლებს. შეისწავლეთ მათი გვერდები, გამოიყენეთ ონლაინ ხელსაწყოები მათ შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგალითად: top.ge, alexa.com და სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი საქმე, ამას უნდა აკეთებდეთ მუდმივად. ასევე, მოერიდეთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას – არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მცირე ინფორმაციაზე დაყრდნობით. ნუ დაგეზარებათ, გაიგოთ მეტი და მეტი თქვენი კონკურენტების შესახებ. თუნდაც ერთ მცირე ინფორმაციის ცვლილებით თქვენს საიტზე, ან განსხვავებული ფორმით პროდუქტის შეთავაზებით, შეიძლება, მიიღოთ კონკურენტული უპირატესობა.
იფიქრეთ ამაზე ხშირად!
გიორგი ყანჩაველი
აქტურად ვარ ჩართული ტექნოლოგიების სფეროში, ვქმნით ვებ და მობაილ პროგრამულ გადაწყვეტებს წამყვანი კომპანიებისთვის. ასევე ვქმნით საკუთარ ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ასევე მნიშვნელოვან დროს ვუთმობ საგანმანათლებლო აქტივობებს (2008 წლიდნ), ვარ ტრენერი, ლექტორი. მაქვს ბლოგი kanchaveli.com და 2019 ში გამოვეცი სახელმძღვანელო თემაზე: ელ. კომერცია.